ბათუმი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს. ოდესღაც ის იყო ძველბერძნული კოლონია, რომაული პორტი. ბათუმს თავს ესხმოდნენ ოსმალოები, მას იცავდნენ ქართველი მეფეები. რუსული იმპერიის შემადგენლობაში ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეისათვის წარმოადგენს საქართველოს მთავარ საზღვაო პორტსა და უნიკალურ დასასვენებელ ადგილს.
ბათუმი დღითი დღე მშვენდება, უკანასკნელი წლების განმავლობაში ქალაქი განსაკუთრებული ინტენსიურობით ვითარდება. ბათუმი ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და ამავე დროს შეინარჩუნოს თავისი ისტორია. საარქივო მონაცემების მიხედვით აღდგენილი და რეკონსტრუირებული იქნა მე-19 საუკუნის შენობა-ნაგებობები. რუდუნებით შესრულებული სამუშაოს შედეგია უმშვენიერესი შენონები ლამაზი აივნებითა და მოაჯირებით, წყნარი მოკირწყლული ქუჩები და ჩამოსხმული ფასადები. ირგვლივ კი ზღვიდან მონაბერი სიოს, მოხარშული ყავისა და ციტრუსოვანთა სასიამოვნო სურნელი ტრიალებს.